06.04.26

.GE ზონის ადმინისტრატორმა ახალი სერვისის პრეზენტაცია გამართა

2 აპრილს , სასტუმრო “სტამბაში” კავკასუს ონლაინმა“, როგორც .GE ზონის ადმინისტრატორმა, დომენური ინდუსტრიის განვითარების ფარგლებში DNSSEC-ის შესახებ პრეზენტაცია გამართა.

ღონისძიება მიზნად ისახავდა ინტერნეტში დომენური სახელების უსაფრთხოების გაძლიერებისკენ მიმართული სერვისის - DNSSEC-ის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის გაზიარებასა და ცნობიერების ამაღლებას.

პრეზენტაციის ფარგლებში წარმოდგენილი იყო .GE ზონის რეფორმის შემდგომი პერიოდის მიმოხილვა, ასევე საერთშორისო პარტნიორობის ფარგლებში მიღწეული შედეგები  და დანერგილი ახალი სერვისები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო DNSSEC ტექნოლოგიას, რომელიც წარმოადგენს Domain Name System-ის გაფართოებას და უზრუნველყოფს DNS მონაცემების სანდოობას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც სამთავრობო უწყებების, ისე კრიტიკული ციფრული აქტივების მმართველი კერძო სექტორის წარმომადგენლები. მოწვეულმა სტუმრებმა აღნიშნეს, რომ DNSSEC მნიშვნელოვანი ტექნოლოგიაა, რომელიც კიდევ უფრო გაზრდის მათი სერვისების უსაფრთხოებას.

სწორედ ამ საკითხებს დაეთმო ღონისძიების დასასრულს გამართული პანელური დისკუსია, რომელსაც საქართველოს კიბერუსაფრთხოების აკადემიის მმართველი პარტნიორი ვლადიმერ სვანაძე უძღვებოდა.

დისკუსიის ფარგლებში საქართველოს ციფრული მმართველობის სტრატეგიაზე, საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და კოორდინაციის გაძლიერებაზე ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა ეკა ყუბსიძემ.

ღია მონაცემებზე ხელმისაწვდომობის აუცილებლობასა და კიბერუსაფრთხოების გამოწვევებს შეეხო სსიპ - ციფრული მმართველობის სააგენტოს ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სტრატეგიული დაგეგმვისა და ანალიტიკური სამსახურის უფროსი დიმიტრი გუგუნავა.

Deteqt AI-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი გვასალიამ კი  ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ინოვაციური სერვისები და თანამედროვე უსაფრთხოების მექანიზმები მიმოიხილა.

როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, .GE ზონის ადმინისტრატორი მომავალშიც გეგმავს DNSSEC-ის დანერგვისა და მისი მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიმართულებით მუშაობას. ეს კი ხელს შეუწყობს საქართველოს ციფრული ეკოსისტემის კიდევ უფრო უსაფრთხო და სანდო გარემოდ ჩამოყალიბებას.

სიახლეები