საქართველოში 18-19 ნოემბერს აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური DNS ფორუმი (EE DNS Forum 2020) გაიმართა, რომელიც რეგიონის მასშტაბით ინტერნეტ დომენებისა და ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებს შეეხო. ყოველწლიური ფორუმი მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციის (ICANN) ორგანიზებითა და „კავკასუს ონლაინის“ როგორც .GE საქართველოს კოდის ზედა დონის დომენის ადმინისტრატორის მხარდაჭერით შედგა.
DNS-ი არის ინტერნეტის ერთ-ერთი საბაზისო სისტემა, რომელიც ვებგვერდებთან კავშირს უზრუნველყოფს. სწორედ მის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა საქართველოში გამართული ფორუმი. არსებული ეპიდემიური ვითარების გათვალისწინებით ღონისძიება სრულად დისტანციური ფორმატით ჩატარდება.
ონლაინ-ფორუმი ICANN-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მარტენ ბოტერმანმა გახსნა. მან ისაუბრა IDN-ისა უნივერსალური მიმღებლობის (UA) შესახებ, რომელიც შესაძლებელს ხდის, მომხმარებლებმა ინტერნეტში ვებგვერდების მისამართები მათ საკუთარ მშობლიურ ენაზე აკრიფონ. ბოტერმანის თქმით, ICANN-ი მის საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რათა ინტერნეტი გახდეს კიდევ უფრო მეტად ინკლუზიური სივრცე სხვადასხვა ენობრივი ჯგუფების წარმომადგნელებისთვის, ამისთვის კი IDN-სა და უნივერსალურ მიმღებლობას (UA) განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ.
“მისია, რომელსაც ICANN-ი ასრულებს ინტერნეტის ფუნქციონირებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელვანია. შესაბამისად, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად უნდა განვაგრძოთ მუშაობა, რათა დასახული სტრატეგიული გეგმების განხორციელება გახდეს შესაძლებელი,”- განაცხადა ICANN-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მარტენ ბოტერმანმა.
ფორუმზე “კავკასუს ონლაინის” დირექტორმა რევაზ კოპალაძემ ისაუბრა იმ ცვლილებებზე, რომლებიც დღეს ინტერნეტ-ეკოსისტემების განვითარებას განაპირობებენ - ონლაინვაჭრობის ზრდა, მომხმარებელთა განსხვავებული პრეფერენციები, შესაბამისად DNS სერვისის მიმწოდებლებს სჭირდებათ მოქნილი და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღება, რათა არსებულ გამოწვევებს უპასუხონ.
ფორუმში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმაც. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგამბულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა ეკა ყუბუსიძემ წარადგინა ქვეყნის ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების 2025 წლის სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც საქართველოში მოქმედი საწარმოებისა და იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს 1 გეგაბიტ/წამის სიჩქარის ინტერნეტი, ხოლო მოსახლეობას კი 100 მეგაბიტ/წამის სიჩქარის ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.
ეკა ყუბუსიძის თქმით, ეს მთავრობის მიერ დასახული ამბიციური გეგმაა, რომლის მიღწევა დომენური სახელების დაცვის გარეშე შეუძლებელია.
„საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს ციფრული ეკონომიკისა და ფართოზოლოვანი ინტერნეტ-ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს“, - განაცხადა მან.
ფორუმს ასევე დაესწრნენ აღმოსავლეთ ევროპის ინტერნეტ და სატელეკომუნიკაციო კომპანიების წარმომადგენლები, დაინტერესებული მხარეები და სპეციალისტები, რომლებმაც ფორუმის მონაწილეებს საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარეს და ასევე ისაუბრეს დომენური ინდუსტრიის უახლეს გამოწვევებსა და ტენდენციებზე.
„კავკასუს ონლაინთან“ და ICANN-თან ერთად, ფორუმს ოქროს და ვერცხლის სპონსორებიც ჰყავდა. ოქროს სპონსორი იყო ქართული IT კომპანია GREENNET-ი, რომელიც კავკასიის რეგიონში ამერიკული IT და სატელეკომუნიკაციო კომპანია CISCO-ს პარტნიორია. ვერცხლის სპონსორი კი კომპანია OnCloud-ია, რომელიც მომხმარებლებს მაღალი ხარისხის ქლაუდ სერვისებსა და Tier სტანდარტის დატა ცენტრის მომსახურებასა და კიბერუსაფრთხოების სერვისებს სთავაზობს.
წყარო:https://bm.ge/ka/article/saqartveloshi-agmosavlet-evropis-dns-forumi-gaimarta/69261