რა არის დომენი

„ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენი“ (ccTLD- country code Top Level Domain) - ნიშნავს ქვეყანასთან ასოცირებულ ზედა დონის დომენს, რომელიც მინიჭებული აქვს ქვეყნებს საერთაშორისო კორპორაციის - მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციის (Internet Corporation for Assigned Names and Numbers, ICANN) მიერ. თითოეულ ქვეყანას/ტერიტორიას/გეოგრაფიულ მონაკვეთს მინიჭებული აქვს ერთი უნიკალური ccTLD. თითოეულ ccTLD-ს ჰყავს ერთი ადმინისტრატორი. 
.GE ქვეყნის კოდის აღმნიშვნელ ზედა დონის დომენს, რომელიც აღიარებულია საქართველოს მიერ, ადმინისტრირებას უწევს კავკასუს ონლაინი

„დომენური სახელი“ - ნიშნავს იდენტიფიცირების ნიშანს და შედგება:
.ge დაბოლოების დომენისგან და მის მარცხნივ მდებარე, წერტილით გამოყოფილი მეორე დონის დომენისგან (მაგალითად, [--].ge); ან
.ge დაბოლოების დომენისგან და მის მარცხნივ მდებარე, წერტილით გამოყოფილი ზოგადი დომენისგან (მაგალითად, [--].com.ge).

ზოგადი დომენის ზონაში შესაძლოა დარეგისტრირდეს მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილი დაბოლოების მქონე დომენური სახელები, იქვე მითითებული შესაბამისი პირობების დაცვით:

.com.ge - დაბოლოების მქონე დომენური სახელი შესაძლოა დარეგისტრირდეს ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირის სახელზე;

.edu.ge - დაბოლოების მქონე დომენური სახელი შესაძლოა დარეგისტრირდეს მხოლოდ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელზე;

.org.ge - დაბოლოების მქონე დომენური სახელი შესაძლოა დარეგისტრირდეს ნებისმიერი იურიდიული პირის სახელზე;

.net.ge - დაბოლოების მქონე დომენური სახელი შესაძლოა დარეგისტრირდეს მხოლოდ ორგანიზაციებზე, რომლებიც წარმოადგენენ ქსელების პროვაიდერებს ან მათი საქმიანობა დაკავშირებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროსთან;

.pvt.ge - დაბოლოების მქონე დომენური სახელი შესაძლოა დარეგისტრირდეს მხოლოდ ინდივიდუალური მეწარმის სახელზე.

.school.ge - დაბოლოების მქონე დომენური სახელი შესაძლოა დარეგისტრირდეს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირის სახელზე, რომელიც ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას, და რომელიც  დომენური სახელის რეგისტრაციის დროს წარადგენს აღნიშნული საქმიანობის აღწერას წერილობითი ფორმით;

.gov.ge - დაბოლოების მქონე დომენური სახელი შესაძლოა დარეგისტრირდეს მხოლოდ სახელმწიფო, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, ან დაწესებულების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო დაწესებულების, რელიგიური, პოლიტიკური გაერთიანების, წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისა) და ასეთი დომენური სახელის რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სმართ ლოჯიქი“ ადმინისტრატორსა და სსიპ „სმართ ლოჯიქს“ შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის საფუძველზე. (https://www.linkedin.com/company/smart-logic-gov-ge/about/)

დომენური სახელის მოთხოვნები:

  • დომენური სახელი შესაძლოა შეიცავდეს ციფრებს (0-9), დეფისებს, ლათინურ ასოებს ან/და მათ კომბინაციას;
  • დიდი და პატარა ასო დომენურ სახელში არ განსხვავდება ერთმანეთისგან;
  • დომენურ სახელი არ უნდა იწყებოდეს ან ბოლოვდებოდეს დეფისით;
  • დომენური სახელის მინიმალური სიმბოლოების რაოდენობა არის 2 (ორი), ხოლო მაქსიმალური - 63 (სამოცდასამი)